ზელენსკი აცხადებს, რომ სტამბოლში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 23 ივლისს გაიმართება

უკრაინის წარმომადგენლები რუსეთთან შეხვედრების შემდეგი რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც ოთხშაბათს, 23 ივლისს, თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ივლისს, საღამოს მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან განიხილა გაცვლის მომზადება და თურქეთში რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა.
„უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი. მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინული, თურქული და რუსული მედიასაშუალებები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, ამ კვირაში გაიმართოს.
უკრაინულმა მხარემ შემდეგი შეხვედრის დღის წესრიგი წინასწარ გამოაცხადა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების დაბრუნება, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ხელმძღვანელობის დონეზე შეხვედრისთვის მზადება.
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინას გადასცა მემორანდუმი, რომელშიც, უკრაინული მხარის განცხადებით, მიუღებელი ულტიმატუმები იყო წამოყენებული.