მაია ბითაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის „ღალატი“, ამას ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ!
„ვუსმენდი ახლადშემოერთებულ კოლეგებს და მეგონა, მხატვრული კითხვის, ან პროზის საღამოზე ვიყავი, იმიტომ, რომ წინასწარ მომზადებული აბსტრაქტული ტექსტებით გვესაუბრებოდნენ და ევროინტეგრაციაზე საყვედურს ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი აქვთ გაკეთებული იმისთვის, რა გზაც ევროინტეგრაციის მოპოვებისა და სხვადასხვა წარმატების მისაღწევად „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ადამიანს გვაქვს გაკეთებული, რომლებიც ამჟამად „ქართულ ოცნებაში“ ვართ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. ასე რომ, ერთს გირჩევთ, კოლეგებო, არ გაიმეოროთ ის არასწორი გზა, რაც ოპოზიციურმა რადიკალებმა წინა მოწვევის პარლამენტში გაიარეს. მათი აბსტრაქცია და ეკრანებთან პოზირება დარჩა ჰაერში გატყორცნილ არასწორ პოლიტიკად. ამიტომაც გირჩევთ, პარლამენტში სამუშაოდ თუ შემოხვედით, თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვებისგან, როგორებიცაა: ლეგიტიმაცია, ღალატი, ევროინტეგრაცია და ევროინტეგრაციის შეჩერებაში „ქართული ოცნების“ დადანაშაულება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მან ახალ კოლეგებს შეახსენა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და ასევე ურჩია მათ, როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობენ, მეტი აქცენტი გააკეთონ იმ რადიკალებსა და დივერსანტებზე, რომლებიც უკვე მერამდენე წელია, საქართველოს არყევენ.
„როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობთ, მეტი აქცენტი გააკეთეთ იმ რადიკალებსა და დივერსანტებზე, რომლებიც უკვე მერამდენე წელია, ჩვენს სამშობლოს არყევენ. ისინი კარდაკარ დადიან და ცდილობენ, გააუარესონ ყველა ის მონაპოვარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე მოიტანა. „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო საკუთარი ოჯახებით იმ მძიმე შეურაცხყოფებსა და დარტყმებს, რასაც უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ერი იტანს. გეყოთ ქართველი ხალხის ხსენება და ამით სპეკულირება. თუ ქართველი ხალხისთვის რაიმეს გაკეთება გინდათ, მაშინ თავი შეიკავეთ აქ მხატვრული კითხვის საღამოების გაგრძელებისგან და დაიწყეთ რეალური ქმედებები, მათ შორის, საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მან ასევე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ქვეყანა იზოლაციაში იმყოფება.
„როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობთ, მოიყვანეთ არგუმენტები, რატომ არის, რომ სტრასბურგის სასამართლოში „ქართული ოცნებით“ წარმოდგენილი საქართველო მუდმივად გამარჯვებულია? ხომ უნდა არსებობდეს რაიმე არგუმენტი? როდესაც საუბრობთ იზოლაციაზე, იქნებ ამიხსნათ, რატომ არის, რომ გუშინ ევრონესტში მონაწილეობაზე ჩვენ განვაცხადეთ უარი მაშინ, როდესაც იქიდან მოწვევა გვქონდა. მე კვლავ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. რატომ არის, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაში ვმონაწილეობთ, როდესაც თქვენ იზოლაციაზე, ან ლეგიტიმაციაზე საუბრობთ. ძალიან გთხოვთ, კარგად დააკვირდით, რას ამბობთ და შეწყვიტეთ პოპულიზმის გზა. ამ პოპულიზმმა იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ოპოზიციის სახელით ისხდნენ, კარგი არაფერი მოუტანა. გეყოთ პროპაგანდისტული გამოსვლები. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. პარლამენტში ყოველკვირეულად ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ. ასე რომ, გელით და თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის ღალატი. ამას ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.