Loading data...
კულტურის კომიტეტმა ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში, კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, UNSECO-ს მიერ ბათუმისთვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ასევე, განიხილეს 2025 წელს, ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადების და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების საკითხი, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების დელეგატმა, არჩილ ბერიძემ წარადგინა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა.

სხდომაზე სსიპ ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც კომიტეტის წევრებს ცენტრის დირექტორმა ზვიად ბოლქვაძემ გააცნო.

გასვლით სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მიერ (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო) კულტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.