Loading data...
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით, ინკლუზიური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

ღონისძიება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა გახსნა.

„მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ინკლუზიური გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის და ვაღიაროთ მათი უნიკალური შესაძლებლობები. ასევე, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მათ მშობლებს, რომლებიც ყოველდღიურად მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგანან. დღევანდელი ტრენინგი, პირველ რიგში ემსახურება მშობლების ფსიქოემოციურ გაძლიერებას და ისეთი მხარდამჭერი გარემოს შექმნას, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი რიმა ბერაძე.

„ტრენინგის ფარგლებში გამოცდილმა სპეციალისტებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისები. გამოთქმული მოსაზრებები აისახება რეკომენდაციებში და ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მშობლების ფსიქოლოგიური მზაობის და კეთილდღეობის თაობაზე თბილისში მოქმედი დღისა და სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარების ოჯახის წევრების წინაშე მოხსენებით წარდგა ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებსაც მშობლები აღზრდისა თუ ინტეგრაციის პროცესში აწყდებიან.

ტრენინგის მონაწილეებმა „ნეირობალანსირების ცენტრის“ გუნდისგან ქცევითი, მეტყველების, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის შესახებ პრაქტიკული რეკომენდაციები მოისმინეს.

ტრენინგის მიზანი იყო შშმ და სს-მ ბავშვების საზოგადოებაში უფრო ეფექტიანი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით მათი მშობლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება.