ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გლობალურად ტუბერკულოზის ვაქცინაციისთვის მზადყოფნის თაობაზე ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში წარადგინა ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელმა ჯანიკა ჰაუსერმა და ამავე საბჭოს სამხრეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მენეჯერმა, თამბაქოს კონტროლის ხელმძღვანელმა ალისია მატუშევიჩმა.
როგორც ჯანიკა ჰაუსერმა აღინიშნა, BCG ვაქცინაცია კარგად იცავს ბავშვებს დაავადებისგან, თუმცა ეს ვაქცინა არ არის ეფექტიანი მოზრდილებისთვის, რაც მსოფლიოში ტუბერკულოზის გავრცელების მიზეზია და რის გამოც მნიშვნელოვანია ახალი ვაქცინის შემუშავება.
მისი თქმით, ამჟამად ტუბერკულოზის ორი სახეობის ვაქცინა გადის ტესტირების მესამე ეტაპს, რომელიც მოზრდილი და ზრდასრული ადამიანების ტუბერკულოზით დაავადებისგან დაცვისკენ არის მიმართული.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ტუბერკულოზთან ბრძოლაში საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას, რაც ცხადყოფს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მაღალ ვალდებულებას“, - განაცხადა სხდომაზე ალისია მატუშევიჩმა.
მისი თქმით, საქართველომ ბოლო ათწლეულებში სერიოზულ პროგრესს მიაღწია, ტუბერკულოზის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ინოვაციური მკურნალობის შემოღების თვალსაზრისით, ქვეყანა რეგიონული ლიდერია.
სხდომაზე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის დასრულების სტრატეგიის (END TB) ძირითად მიმართულებებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ირინა ჯავახაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ტუბერკულოზის დასრულების გლობალური სტრატეგია 2015-2035 წლებს მოიცავს და მისი მიზანი ტუბერკულოზისგან თავისუფალი სამყარო - ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის დასრულება და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებისა და ტანჯვის ნულოვანი დონის მიღწევაა.
მომხსენებელმა მიმოიხილა ბოლო 5 წლის სიტუაციური ანალიზი, ისაუბრა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე.
„ბოლო ანალიზის თანახმად, დღეს ტუბერკულოზის შემთხვევების რაოდენობა იმის მეხუთედია, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო. საქართველოში ამ პერიოდში არსებული 5000-მდე შემთხვევიდან დღეს ქვეყანაში 1140-მდე შემთხვევაა. ადრე ამ რაოდენობის შემთხვევები მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში გვხვდებოდა. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან ერთობლივი ძალისხმევით ტუბერკულოზისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ, რაც ჩვენი მთავარი მიზანია“, - აღნიშნა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.
სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობაზე, აგრეთვე ტექნიკური დახმარების, სისტემის დანერგვის პროცესში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და მოლოდინების თაობაზე ისაუბრა.
საბჭოს სხდომაში საქართველოს პარლამენტის წევრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, UNICEF საქართველოს ოფისის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.