იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილება განიხილა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში გამოსცემს, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულისაა, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება, არაუმეტეს 1 თვისა გაგრძელდეს.
წარდგენილი ცვლილებით: მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას; საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ; მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 14 დღეში შეიტანება.
როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის ინიციირება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით არის განპირობებული, რომლითაც მან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.