Loading data...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

პროექტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოების დონეზე, ისევე როგორც ეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების დონეზეა, სასამართლოს სპეციალიზებული სტრუქტურის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება, როგორც სასამართლოს ეფექტიანობაზე პასუხისმგებელ კონსტიტუციურ ორგანოს.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეების ნაცვლად), რომლის ერთ-ერთი კონსტიტუციური ფუნქცია სასამართლოს ეფექტიანობის უზრუნველყოფაა, დისკრეციული უფლებამოსილება ენიჭება - ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშეც შეარჩიოს შესაბამისი მოსამართლე, რომელსაც მისი სურვილის შემთხვევაში, სხვა სპეციალიზაციის საქმეთა განხილვაც დაევალება, როგორც დროებითი ღონისძიება.

​როგორც მომხსნებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება იმით არის განპირობებული, რომ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ფუნქციონირებისას, ხშირია შემთხვევა, როდესაც შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლე, სხვადასხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ ახორციელებს მართლმსაჯულებას.

საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისათვის დამახასიათებელი საქმეთა სიმრავლისა და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის პრობლემიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია აღნიშნული მოსამართლე მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტიანად ჩანაცვლდეს, თუნდაც სხვა სპეციალიზაციის მოსამართლით.

პროექტის თანახმად, მიზანშეწონილია, დიდი დატვირთვის მქონე სასამართლოებში, როგორებიცაა სააპელაციო სასამართლოები და ის რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ჰყავდეს, რომელთაგან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია, პირველ მოადგილედ დანიშნოს.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, იხვეწება უზენაეს სასამართლოში და ქვემდგომ სასამართლოებში კონკურსებთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები შეფასებასთან და ამავდროულად, მაგალითად, საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, ხდება ფარული, ზუსტად ისევე, როგორც ეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს ნამსჯელი და ამ კუთხით არავითარი დარღვევა არ აქვს დადგენილი.

მისივე თქმით, ცვლილებით კანონიდან ამოღებული იქნება ის ნორმები, რომელიც მენეჯმენტის დეპარტამენტს ეხება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება მენეჯმენტის დეპარტამენტის რეორგანიზაციისათვის.