Loading data...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

კანონპროექტი ითვალისწინებს „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ორი მხარე აქვს - კონსტიტუციურ-სამართლებრივი და მორალურ-პოლიტიკური, რომელთა ანალიზიც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იყო არაკონსტიტუციურ და მოღალატეობრივ ქმედებათა მთელი კასკადი, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

მისივე თქმით, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

აღნიშნული ჩანაწერი გამორიცხავს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში იმგვარი ტერიტორიული ერთეულის არსებობას, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და თორნიკე ჭეიშვილი.