Loading data...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით წარდგენილ კანონპროექტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებითაა განპირობებული, რომლითაც სასამართლომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ ცალკეული ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

წარდგენილი ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება. კერძოდ: საქმის განხილვას და გადაწყვეტას შემჭიდროვებულ ვადაში; გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საქმის განხილვას იმ პირის მოუწვევლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც საგადასახადო ორგანო ითხოვს; სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დასაბუთების ვალდებულებას და გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადას.

კანონპროექტით, მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა; მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას; საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ; მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 14 დღეში.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება ეხება ცალკეული დანაშაულების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის არსებული საკანონმდებლო მექანიზმის - საქართველოდან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმებს.

კანონპროექტით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, თუ ამისთვის უკვე არსებობს სამი წინაპირობა: 1) მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. კერძოდ, ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიცაა: თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება თუ განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და სხვა; 2) მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია; 3) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.

ცვლილების თანახმად, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებს აცნობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე, შესაბამისი ცნობა გაიგზავნება დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის, საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესრულებას.

კანონპროექტით, მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მსჯავრდებულმა გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებით, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება. კერძოდ, აღნიშნული პირები: ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში; ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას; ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები; ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასა და აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა, ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენისთვის. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ნორმა, რომლითაც დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის.