ილია ინჯია: მივმართავთ ევრობიუროკრატიას და მოვითხოვთ, თქვენს ანგარიშთან ერთად გაასაჯაროოთ და გაითვალისწინოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება
„ევროკავშირი ისტორიულად იყო დემოკრატიული, სამართლიანი, თანასწორი, ცივილიზებული, მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კავშირი. სწორედ ასეთ გაერთიანებაში გვინდოდა ჩვენ გაწევრიანება. თუმცა ნელ-ნელა ევროკავშირმა თავის პრინციპებს უღალატა, რაც, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებელია“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ილია ინჯიამ.
მან პოლიტიკური ჯგუფის სახელით საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის ანგარიში შეაფასა.
„საქართველოსთან მიმართებით აშკარაა ორმაგი სტანდარტის მაგალითები - ის, რაც მისაღებია დასავლეთისთვის, მათ შორის მათი მიღებული კანონები, რომლებიც უკვე ათეული წლებია, მოქმედებენ, იგივე კანონებს დღეს საქართველოს უკრძალავენ. ამ ცილისმწამებლურ ანგარიშს დღეს ახმოვანებს ზოგიერთი ევროსპიკერი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც კოორდინაციას უწევს ფინანსურ და საორგანიზაციო საკითხებს საქართველოში“, - განაცხადა ილია ინჯიამ.
მისი თქმით, ევროპაში დღითიდღე მატულობს გლობალური ომის საშიშროება.
„გაგაცნობთ ჩვენს პოლიტიკურ შეფასებას - საით მიდის ევროპა, რას წარმოადგენს ის დღეს, რა მომავალი ელოდება მას: დღითიდღე მატულობს გლობალური ომის საშიშროება ევროპაში; ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმრავლესობამ ფაქტობრივად დაკარგეს თავიანთი სუვერენიტეტი; ევროკავშირის ქვეყნები რეალურად ჩართული არიან ომში და ეს ჩართულობა საფრთხეს უქმნის ევროპის მოსახლეობას; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკით უკრაინა, როგორც ქვეყანა, განახევრდა და ეჭვქვეშ დადგა ქვეყნის საერთოდ არსებობა; ფსევდოდემოკრატიის დროშის ქვეშ მიღებულია კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება დედამიწაზე არსებულ ყველა ტრადიციულ რელიგიას, განსაკუთრებით კი - ქრისტიანობას;
ძირითადი ოჯახური ღირებულებების და ფასეულობების მიმართ საწინააღმდეგო ქმედებების წახალისება; ევროპელ გადამხდელთა ხარჯზე დაფინანსებული სხვა ქვეყნების საშინაო, თუ საგარეო საქმეებში უხეში ჩარევა. ამ დაფინანსებების შესანიღბად და შავი ფულის უკონტროლო მოძრაობისთვის, უპრეცედენტო ზეწოლა სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებზე, მათ შორის, მრავალმხრივი სანქციების გამოყენებით; ენერგომატარებლების სიძვირის გამო, მთელი რიგი სამრეწველო საწარმოები იკეტება, ან გადააქვთ სხვა ქვეყნებში და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ ევროპაში 2024 წელს არ აღემატებოდა 1%-ს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში 2024 წელს თითქმის 10 % იყო“, - განაცხადა ილია ინჯიამ.
მისივე შეფასებით, ენერგოკრიზისის გამწვავებასთან ერთად გამწვავდება დაპირისპირება ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს შორის. თუ 2023 წელს ამის შესახებ ღიად საუბრობდა მხოლოდ უნგრეთი, მას 2024 წლის 15 მაისიდან, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, სლოვაკეთი დაემატა.
„2025 წელს ამ რიგებს შეიძლება დაემატოს ჩეხეთი, რომლის კონტურებიც უკვე იკვეთება. ამჟამად, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს კონსულტაციები ევროკავშირის ფარგლებში ამ სამი ქვეყნის მონაწილეობით კოალიციის შექმნის თაობაზე. კოალიცია, რომელიც იქნება წინააღმდეგი უკრაინაში ომის მხარდაჭერისა და დაფინანსების; ბრიუსელი მოითხოვს, ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც თავისთავად დამატებით უთანხმოებას შექმნის ბრიუსელსა და ამ ქვეყნებს შორის. ბრიუსელი ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე ერთპიროვნულად განკარგავს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ფინანსებს და ახორციელებს მის გადანაწილებას ქვეყნებს შორის, მაშინ, როდესაც ამ ფინანსების ფორმირებაში სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის. თავის დროზე სწორედ ამან განაპირობა დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან. ერთიანი საემიგრაციო პოლიტიკის არ ქონა.
აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, თუ ასე გაგრძელდა პროცესები, ხვალ გლობალური ომი გარდაუვალი შეიძლება იყოს და არა მხოლოდ ევროპაში.
მივმართავთ ევრობიუროკრატიას, უფრო სწორედ, მოვითხოვთ, თქვენს ანგარიშთან ერთად გაასაჯაროოთ და გაითვალისწინოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება, ძირითადი მიზნები, მისწრაფებები და ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება.
ჩვენს ხელისუფლებას კი ვთხოვთ, დავასრულოთ თავის მართლებისა და სიფრთხილის რეჟიმი, გადავიდეთ კიდევ მეტად თამამი და მრავალპოლუსიანი პოლიტიკის წარმოებაზე, რაც ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში გარანტირებულად მოუტანს ქვეყნის გამთლიანებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და საყოველთაო კეთილდღეობას“, - განაცხადა ილია ინჯიამ.