Loading data...
გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ფირუდი გურბანოვს და ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილეებს - ინდირა ჰაჯიევას და ფარხად ჰაჯიევს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამაზე გაამახვილა, რომელიც ივლის-აგვისტოში განხორციელდება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მსგავსი ფორმატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.