Loading data...
გიორგი ხახუბია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაარსებიდან 10 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომლის მონაწილეებსაც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია მიესალმა.

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას უშუალო გავლენა აქვს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე. ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მდგრად და უსაფრთხო განვითარებასთან.

მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შედეგად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს შესაძლებლობები გაძლიერდა, დაინერგა რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, დაიხვეწა და გაციფრულდა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურები“, - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

მისი თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს კანონმდებლობისა და არსებული რეგულაციების დახვეწაში.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ სფეროს განვითარებას, რაც აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხო მომავლისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ასევე, ჩვენი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო დონეზე ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განსაკუთრებით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ იუბილეს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიმართეს, რომლებმაც სააგენტოს საქმიანობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სამედიცინო კლინიკების და ცენტრების ხელმძღვანელები და სააგენტოს დამსახურებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.