Loading data...
გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის 17 უნიკალური ნიმუში, რომელთა
მნიშვნელოვანი ნაწილი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად შესრულდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდს ჩვენს თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„ეს ანსამბლი ჩვენი თანამედროვე კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მისი შექმნის იდეა და შინაარსი იმ ეროვნულ მიზანს ემსახურება, რომლის განხორციელებაზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდით.

თუ ისტორიულ პარალელს გავავლებთ, სალოტბარო სკოლების შექმნის შემდეგ, ამ ანსამბლის ჩამოყალიბება, თავისი მნიშვნელობით, მე-19 საუკუნეში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ტოლფას მოვლენად შეიძლება შეფასდეს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მოძრაობა, რომელიც ქართულ ტრადიციულ მუსიკას იცავს, ავითარებს და მომავალ თაობებს გადასცემს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს 50 ქალაქში მოქმედი სალოტბარო სკოლები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევენ, სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერა და გალობა.

„ეს არის ინვესტიცია ჩვენს კულტურულ იდენტობასა და ეროვნულ მომავალში. განსაკუთრებული მადლობა გიორგი დონაძეს, რომელიც ამ ეროვნული მნიშვნელობის პროცესს ხელმძღვანელობს. მას აქვს იშვიათი უნარი - გააერთიანოს ადამიანები საერთო მიზნის გარშემო. სწორედ ასეთი ლიდერების ძალისხმევით იქმნება მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე.

იყო დრო, როდესაც ქართული ხალხური სიმღერა გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ ანზორ ერქომაიშვილმა, „მართვეთა მოძრაობის“ ჩამოყალიბებით, საფუძველი ჩაუყარა იმ პროცესს, რომელმაც ქართულ ტრადიციულ მუსიკას ახალი სიცოცხლე შესძინა.

მოგვიანებით, სალოტბარო სკოლების დაარსებით, ეს მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდა და დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ვითარდება.

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ამ დიდი ოჯახის წევრი, თქვენი თანამოაზრე და თანამებრძოლი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ქართული ხალხური სიმღერა და გალობა მომავალ თაობებს კიდევ უფრო მტკიცედ და ღირსეულად გადაეცემა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.