Loading data...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონქვემდებარე აქტების მომზადების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონქვემდებარე აქტების მომზადების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კანონქვემდებარე აქტების მისაღებად. კერძოდ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) საორიენტაციო სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რომელიც 2026-2028 წლებზეა გათვლილი. მისი ინფორმაციით, ამ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია როგორც უპატრონო, ისე პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და სტერილიზაცია/კასტრაცია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეებისათვის, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ უკვე რეგისტრირებული (ჩიპირებული) ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეტანა.