Loading data...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა სააგენტოში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, სააგენტოს ამოცანებსა და საქმიანობაზე, სააგენტოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ელენე ღუბიანურმა ხაზი გაუსვა რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოსათვის დაკისრებულ ახალ ფუნქციებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და გეოლოგია. ასევე, ყურადღება გამახვილდა სააგენტოს ახალ ფუნქციებზე, რომელთა შორისაა: სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დასკვნების მომზადება, ნარჩენების მართვის გეგმების შეთანხმება და სხვა.

მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების, ისევე, როგორც ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს აეროლოგიური სადგური.

კომიტეტის წევრებს ელენე ღუბიანურმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია გეოდინამიკური პროცესებისა და არსებული გამოწვევების შესახებ, კერძოდ, აღნიშნა, რომ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ზონირების დეტალური და მსხვილმასშტაბიანი რუქების შექმნა, ისევე, როგორც გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზების და კატალოგების რეესტრის წარმოება და ადამიანური რესურსის ნაკლებობა.