გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა წარადგინა.
„ამ დროისთვის არსებული დაცული ტერიტორიები ქვეყნის 15.3%-ს შეადგენს. 112 დაცულ ტერიტორიას ვმართავთ. მათი მართვა ხორციელდება 25 ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით, რომელიც რეგიონებშია გადანაწილებული. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 800-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული სისტემის მასშტაბით, მათი ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 500 ერთეული, რეინჯერის პოზიციაა“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.
მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში 12 ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა და ორი დაცული ტერიტორია გაფართოვდა.
მომხსენებელმა დაცული ტერიტორიების დემარკაციისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დაცული ტერიტორიების დაახლოებით 72%-ის დემარკაცია სრულად დასრულებულია. ამასთან, დაცულ ტერიტორიებზე ძირითადი საკვანძო სახეობების პოპულაციები ყოველწლიურად იზრდება.
თამარ ხახიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკოტურიზმისა და ეკოსერვისების განვითარებაზეც. მისი ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლებიც და სააგენტოს შემოსავლებმა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 48%-ით გადააჭარბა.
მისივე თქმით, დაცულ ტერიტორიებზე დაემატა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და პროდუქტები, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სისტემის მასშტაბით კი განახლდა საინფორმაციო და საგზაო მანიშნებლები.
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დასრულდა, არის თბილისის ეკოტურისტული კომპლექსი. იგი გულისხმობს საბადურის ტყის მონაკვეთზე დაახლოებით 37 საპიკნიკე და საგანმანათლებლო სივრცის, ამფითეატრის მოწყობას. ასევე, დასრულდა 50 კმ-იანი ბილიკების ქსელი“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.
ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ვიზიტორთა ცენტრებისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების ფარგლებში, განიხილება მესტიის, ლენტეხისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, მომავალ წელს დაცული ტერიტორიების სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ დაცული ლანდშაფტების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოში მანამდე ხუთი დაცული ლანდშაფტი იყო შექმნილი: თუშეთის, არაგვის, თრუსოს, მაჭახელასა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტები. აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატა ორი ახალი დაცული ლანდშაფტი - ცივგომბორისა და ამბროლაურის.