განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.
თამარ იოსელიანის განცხადებით, ამჟამინდელი რეგულაცია პრობლემას უქმნის იმ პირებს, რომლებმაც პროფესიული საზღვაო განათლება მიიღეს 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, თუმცა ახალი კანონის მიღების შემდეგ ვერ მოასწრეს კომპეტენციის სერტიფიკატის აღება 2014 წლის 14 ნოემბრამდე.
მისივე თქმით, 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, საქართველოს საზღვაო - საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამწლიანი პროფესიული სწავლა დაასრულა დაახლოებით 1200-მა კურსდამთავრებულმა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ 1 200 კურსდამთავრებულიდან 795 პირმა ვერ მოახერხა კომპეტენციის სერტიფიკატის აღება ამ ვადაში. შესაბამისად, ამ პირებს გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შესაბამისად, ვერ ახერხებენ პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
„წარმოდგენილი ცვლილების მიღებით, 795 მეზღვაურს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ან განაახლოს მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება სამართლიანად დაარეგულირებს საკითხს და ერთიან სტანდარტში მოაქცევს მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესს. ასევე ცვლილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მეზღვაურების ინტერესების დაცვისა და კანონის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა.