ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სიგარეტის აქციზის განაკვეთის ცვლილებას შეეხება
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
კოდექსში შესატან ცვლილებებზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების პროექტი სამ ძირითად მიზანს - სიგარეტის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, სიგარეტის იმპორტიორებისათვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთის დადგენას და სახელმწიფო ბიუჯეტში დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევას უკავშირდება.
„სიგარეტის ადგილობრივი წარმოების წილი ყოველწლიურად მცირდება და დღეისათვის სიგარეტის ბაზრის მხოლოდ 5-6%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოში მეთამბაქოებას 1000-მდე საოჯახო მეურნეობა ეწვა. დამატებით, საწარმოო პროცესში ასევე ჩართულია 1000-მდე ჩვენი მოქალაქე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი საგადასახდელო ტვირთის პირობებში ადგილობრივ წარმოებას არ აქვს შესაბამისი რესურსი, რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას. შედეგობრივად მოსალოდნელია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წილის კიდევ უფრო შემცირება, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდება, რომ იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლებს ადგილობრივს. ეს კი ნიშნავს 1000-მდე საოჯახო მეურნეობის შემოსავლების და 1000 სამუშაო ადგილის დაკარგვას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იმისთვის, რომ სიგარეტის ადგილობრივი წარმოება სრულად არ შეჩერდეს, მიზანშეწონილია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ლიმიტირებული მოცულობის ფარგლებში საშეღავათო აქციზის განაკვეთი დაწესდეს.
საუბარია ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფ სიგარეტზე, რომლის აქციზი ფიქსირებულად 1.3 ლარი იქნება, ხოლო ადვალური აქციზის გადასახადზე 15% დაწესდება.
რაც შეეხება იმპორტირებული სიგარეტის აქციზის გადასახადის ცვლილებას, კანონპროექტის თანახმად, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთის 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე ზრდა, ხოლო ადვალური განაკვეთის - 30%-დან 20%-მდე შემცირება იგეგმება.
კომიტეტის თავმჯდომარემ „საგადასახადო კოდექსში“ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფისკალური ეფექტი განმარტა.
„ფიქსირებული აქციზის განაკვეთის ზრდა 85 თეთრით ნიშნავს თითოეულ გაცემულ აქციზზე 85 თეთრ დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს, ხოლო ადვალური გადასახადის 20%-მდე შემცირება დააბალანსებს, ერთი მხრივ, ინფლაციურ წნეხს, მეორე მხრივ, შეამცირებს მწარმოებლების და იმპორტიორების მიერ გადასახდელ სააქციზო განაკვეთს საშუალოდ 65 თეთრით. აღნიშნული ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველ გაცემულ აქციზზე დამატებით 20 თეთრს მიიღებს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა.