Loading data...
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული - „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ახორციელებდნენ მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვის საფუძველზე, ან ნებართვის გარეშე და არ ჰქონდათ გადახდილი ნებართვის გაცემის ფასი, რის გამოც მათ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135⁴ მუხლის საფუძველზე დაკისრებული იყო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა და/ან შესაბამისი საურავი.

მაია ბითაძის განმარტებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, 29 ათას საქმეზე აღსრულება ან წარმოება მიმდინარეობს.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანობაში 8 მილიონი ლარია დაუფარავი სანქციები, რაც მოიცავს როგორც გადაუხდელ ჯარიმებსა და საურავებს, ისე გასაჩივრებულ და აღსასრულებლად გადაცემულ, მაგრამ ჯერ კიდევ განუხორციელებელ სამართალწარმოებებს.

კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, ეს პირები გათავისუფლდებიან დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის და საურავისგან.

როგორც მომხსენებელმა აღინიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთჯერად, გამონაკლის და ჰუმანურ მიდგომას იმ პირების მიმართ, ვინც მოცემულ პერიოდში გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა სანებართვო ფინანსური ვალდებულება.