Loading data...
„დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი 78 ხმით, ერთხმად დაუჭირა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც თანმდევ საკითხებთან ერთად, სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით წესრიგდება დიზაინის გასაჯაროებასთან, დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან, დიზაინის ხელახალ ექსპერტიზასთან, საქპატენტის მეშვეობით საერთაშორისო განაცხადის წარდგენასთან, დიზაინერის სახელის უფლებასთან, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობასა და მის უკუძალასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის მიღებით, დიზაინის დაცვის სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობა დაიხვეწება და ევროკავშირის სტანდარტებთან სრულად დაახლოვდება.

ცვლილებების შედეგად, გაუმჯობესდება დიზაინის ექსპერტიზა და სამართლებრივი დაცვა, გაიზრდება საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორგანოს - სააპელაციო პალატის უფლებამოსილებები.

ამასთან, დაინერგება დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, დიზაინის ბათილად ცნობის დავები უფრო სწრაფად განიხილონ.

ეს მხარეებს ხანგრძლივ სასამართლო დავებს ააცილებს თავიდან და ხელს შეუწყობს დიზაინის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას.