Loading data...
ბაია კვიციანმა პროექტის „საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შუალედური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული „საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ პროექტის შუალედური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა პროექტის აქტუალურობასა და საჭიროებებს, ასევე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი ონლაინ გაკვეთილები, ასევე იქმნება სასწავლო სახელმძღვანელოები: მასწავლებელთა გზამკვლევი ქართული ენის ინტეგრირებული სწავლებისათვის; დამატებითი რესურსები ქართული ენის შემსწავლელთათვის (ინტეგრირებული სახელმძღვანელო).

სახელმძღვანელო ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად თემატიკას და მოიცავს დამატებით მასალას, რომელიც გამდიდრებული იქნება მრავალფეროვანი სავარჯიშოებითა და აქტივობებით.

ღონისძიებაზე ასევე განხილული იყო კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებები და რეკომენდაციები.

ღონისძიება UNHCR, WORLD VISION, GPF ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.