Loading data...
ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს კომიტეტმა 30 სხდომა გამართა.

„25 საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში 86 კანონპროექტი განვიხილეთ, აქედან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით - 70 კანონპროექტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით - 16 კანონპროექტი. კომიტეტის სხდომებზე, ასევე განვიხილეთ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთი, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული სამი და თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული ოთხი საკითხი. მოგეხსენებათ, კომიტეტი პასუხისმგებელია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლობაზე და ამ კუთხით ჩვენ 11 საქმეში მოგვიწია ჩართვა და მონაწილეობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საკანონმდებლო საკითხებზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს უკავშირდება.

ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტი „საქართველოს გადაცდომათა კოდექსი“ წარუდგინა.

„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ 372-გვერდიანი კანონის პროექტი „საქართველოს გადაცდომათა კოდექსი“. ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში გაცხადებული მქონდა, რომ ჩვენ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შემცვლელ ახალ საკანონმდებლო აქტს შევიმუშავებდით. ამ საკითხზე, ჩემი ხელმძღვანელობით კომიტეტში მუშაობდნენ პროფესორები - პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე და ლევან ხარანაული.

მუშაობის პროცესში მსჯელობა იყო, თუ რომელ დარგს უნდა მიკუთვნებოდა ახალი კოდექსი - სისხლის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს თუ სხვა დამოუკიდებელი დარგს. შევისწავლეთ გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული გამოცდილება და საბოლოოდ შევჯერდით იმ ვერსიაზე, რომ ეს უნდა იყოს ცალკე დარგი და ცალკე კოდექსი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პრაქტიკაში ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხების შეჯერების მიზნით, კანონპროექტზე მუშაობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაგრძელდება და მისი ინიციირება სექტემბერში მოხდება.

კომიტეტის სხდომაზე კოდექსის კონცეფციისა და ძირითადი საკითხების პრეზენტაცია გაიმართა.