ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გაუქმდება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყება, რომლის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება.
შესაბამისი კანონპროექტი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული ინიციატივის თანახმად, ასევე, 1 იანვრიდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდირება იგეგმება.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონპროექტთა პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.