ახალი საკანონმდებლო ინიციატივების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა
პარლამენტის ბიურომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებასა და თანამდევ კანონპროექტებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, 2026 წლის 1-ელ მარტს გაუქმდება − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
ცვლილებებით წესრიგდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების საკითხები პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სფეროში.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვისთვის წამყვან კომიტეტად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები განისაზღვრა.