Loading data...
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის წარდგინებით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს შესაძლებლობა მიეცემა, შექმნას ფრაქცია, თუ იგი წარდგენილი იყო როგორც უპარტიო კანდიდატი, ან თუ ის შესაბამის პოლიტიკურ პარტიას დატოვებს და სხვა პარტიაში გაწევრიანდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი ცვლილებების პროექტი 2025 წლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართ იმოქმედებს 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე. კომიტეტის წევრების შეფასებით, ცვლილებების შედეგად საკრებულოს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება, შესაბამისად, კომიტეტმა წარმოდგენილ ორგანულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ახალი ინიციატივა წარადგინა.

„ხშირ შემთხვევებში, კომისიის თავმჯდომარეები გარკვეული საპატიო მიზეზების გამო კომისიის სხდომის ჩატარებას ვერ ახერხებენ, რამაც შეიძლება საკრებულოს საქმიანობა შეაფერხოს. ასეთ სიტუაციაში, თუ ადგილზე იქნება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მას მიეცეს შესაძლებლობა, ჩაატაროს კომისიის სხდომა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

წარმოდგენილ ინიციატივას კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ და კოდექსში მის ასახვას მხარი დაუჭირეს.