Loading data...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით, კოდექსს ემატება ახალი მუხლი - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი“.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას აგზავნის საჩივარში მითითებულ მისამართზე, ხოლო ასლს მის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთავს.

მისივე თქმით, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირები უარს განაცხადებენ გზავნილის ჩაბარებაზე, საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირი საფოსტო გზავნილზე/საჯარიმო ქვითარზე სათანადო აღნიშვნას გააკეთებს და ეს ჩაბარებად ჩაითვლება.

კანონპროექტით, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

კანონპროექტის მომზადების მიზეზებზე საუბრისას, აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი ორგანოები ახორციელებენ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირებასა და კოდექსით განსაზღვრული სანქციების შეფარდებას.

ამასთან, სამართალდამრღვევი ხშირად ასაჩივრებს ამ სანქციას ადმინისტრაციულ ორგანოში და არის შემთხვევები, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ აკმაყოფილებს საჩივარს და ძალაში ტოვებს სანქციას.

მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ფიზიკურად ვერ ხერხდება გადაწყვეტილების ჩაბარება და შესაბამისად, სანქცია აღუსრულებელი რჩება. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანა.