Loading data...
ზოგიერთი ჩინური ბანკი რუსულ კომპანიებთან იუანებში სავაჭრო ოპერაციებზე უარს ამბობს

ზოგიერთი ჩინური ბანკი არაოფიციალურად ყოფს იუანებს „სუფთაზე“ და „ჭუჭყიანზე“. უკანასკნელს ისინი ისეთ ვალუტას უწოდებენ, რომელსაც „რუსული კვალი“ აღენიშნება, ანუ ის რუსულ კომპანიებთან ოპერაციების დროს იყო გამოყენებული. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩინურმა ბანკმა არ მიიღო იუანები, რადგანაც ის მოსკოვის ბირჟაზე იყო შეძენილი, ხოლო ბირჟის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მოქმედებდა. ჩინეთის ბანკები იუანებში ოპერაციებზე უარს მაშინ ამბობენ, როდესაც ეჭვი არსებობს, რომ ის რუსულ კომპანიებთან ან ფიზიკურ პირებთან გარიგებების დროს გამოიყენებოდა. ბუნებრივია ზუსტად იმის დადგენა, თუ სად იყო შეძენილი იუანი, პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ბანკები ცდილობენ არ მიიღონ ჩინური ვალუტა, რომელმაც რუსულ ბანკებში გაიარა ან საბუთებით რუსეთთან არის დაკავშირებული.

ექსპერტების თქმით, ჩინური ბანკებს აშშ-ის მხრიდან სანქციების ეშინიათ რუსეთთან საბანკო ოპერაციების გამო. ჩინეთის და აშშ-ის, ასევე ჩინეთის და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა პეკინსა და მოსკოვს შორის ვაჭრობის მოცულობას მნიშვნელოვნად აღემატება და ჩინეთს გარისკვა არ სურს.

ჩინეთის ბანკებთან ანგარიშსწორების დროს რუსულ ბიზნესს პრობლემები ჯერ კიდევ 2023 წელს დაეწყო. თავიდან ის დოლარების გადარიცხვას შეეხო. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მესამე ქვეყნების ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაუშვა, თუ ისინი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხმარებიან.