Loading data...
ჟენევაში დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება გაიმართება

უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები აშშ-ის შუამავლობით დღეს ჟენევაში მოლაპარაკებას გამართავენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

უკრაინა ძირითად ყურადღებას ჰუმანიტარულ საკითხებზე და უსაფრთხოების გარანტიებზე გაამახვილებს, სოლო რუსეთი ტერიტორიული საკითხების განხილვას გეგმავს.

რუსეთის დელეგაცია ჟენევაში უკვე ჩაფრინდა, მას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. რუსეთის დელეგაციას ჟენევაში ჩასასვლელად 8 საათი დასჭირდა. თვითმფრინავმა თურქეთს, ხმელთაშუა ზღვას და იტალიას გადაუფრინა.

უკრაინის დელეგაციას უსაფრთხოების და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. უკრაინის დელეგაცია ჟენევაში 16 თებერვალს ჩაფრინდა.

„დღის წესრიგი შეთანხმებულია, მუშაობისთვის მზად ვართ. იმედი გვაქვს, რომ იქნება კონსტრუქციული მუშაობა და საქმიანი შეხვედრები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, რაც ღირსეული და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას მოგვცემს“, - დაწერა უმეროვმა „ტელეგრამში“.

რამდენიმე დღის წინ უმეროვმა განაცხადა, რომ მიმდინარე რაუნდის ერთ-ერთი მიზანია ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე შეთანხმება, რათა დაცული იყოს უკრაინის ენერგოსისტემა.

წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა უფრო ფართო იქმნება. მისი თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი იქნება, მასში ასევე შევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი.

უკრაინის დელეგაციაში უმეროვის გარდა ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე კირილ კისლიცა, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და „ხალხის ძალის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია შედიან.

მოლაპარაკება 17 და 18 თებერვალს უნდა გაიმართოს. წინა მოლაპარაკების შედეგად, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, რაიმე სერიოზული შეთანხმება ვერ მოხერხდა.