Loading data...
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატაროს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

უკრაინა მზადაა, აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატაროს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება სერიოზულ პოლიტიკურ, ლოგისტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა კენჭისყრისთვის მოსამზადებლად და ჩასატარებლად „მინიმუმია“.

პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მისთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, მზად არის თუ არა რუსეთი, დათანხმდეს ტრამპის გეგმას.

„გარკვეული სადაზვერვო მონაცემები მაქვს... მაგრამ ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, რომ მხოლოდ ლიდერების სიტყვების მინდა დავიჯერო“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასეთი კენჭისყრა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ „ბრექსიტის“ რეფერენდუმს შეადარა - ორივე მხარის აქტიური აგიტაციით უკიდურესად რთულ საკითხზე, თუმცა გაცილებით მოკლე ვადებში და ომში მყოფ ქვეყანაში.

მან დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერი მზად არიან, უკრაინაში ჩავიდნენ, რათა შეთანხმების უპირატესობები აუხსნან. ამავდროულად, მისი თქმით, შესაძლოა, თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდეს თავისი არგუმენტების წარსადგენად.

თუმცა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი კამპანია მიმდინარე რუსული თავდასხმების ფონზე განხორციელდება, ის ცუდად დასრულდება. უსაფრთხოების გარანტიებსა და ეკონომიკურ სარგებელზე საუბრის მიუხედავად, „ხალხი რაკეტებს დაინახავს“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანები უსაფრთხოების მიზნით ხმის მიცემაზე არ მივლენ, შედეგი შეიძლება არალეგიტიმურად გამოიყურებოდეს.

„უმჯობესია, საერთოდ არ ჩატარდეს რეფერენდუმი, ვიდრე ჩატარდეს რეფერენდუმი ისე, რომ ხალხს არ ჰქონდეს მოსვლისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Axios-ს ანონიმურად განუცხადა, რომ რუსებს ესმით ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მაგრამ უფრო მოკლე ვადებს ითხოვენ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საქმე აქამდე მივა, უკრაინაში რეფერენდუმზე არა მხოლოდ ტერიტორიული საკითხი, არამედ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაც უნდა გავიდეს.

მან აღნიშნა, რომ რეფერენდუმის იდეა შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა, თუმცა, მისი თქმით, უსაფრთხოება მთავარი საკითხია. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პარტნიორებს საკმარისი ძალაუფლება აქვთ, რათა აიძულონ რუსეთი, ან მოლაპარაკება აწარმოონ მასთან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების, ან რეფერენდუმის დროს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.