ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტისთვის წინადადებებს ამზადებს
უკრაინა ევროკავშირში თავის პარტნიორებთან ერთად ამზადებს წინადადებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტისთვის, რომელიც უნდა მოიცავდეს დამატებით შეზღუდვებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის, ჩრდილოვანი ფლოტისა და აგრესორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდამჭერი კომპანიების მიმართ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
„ჩვენ ვთავაზობთ, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს დაემატოს რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ჯერ კიდევ სარგებლობენ ენერგორესურსებით, ასევე, იქნება განახლებული ინფორმაცია უკრაინელი ბავშვების გატაცების შესახებ. ამის წინააღმდეგ უნდა იყოს ნამდვილად გლობალური ზეწოლა და, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გაცილებით მეტი ზეწოლა ყველა იმ სქემაზე, რომელიც რუსულ სამხედრო წარმოებას მუშაობის საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის სხვა წინადადებები მოიცავს კომპანიებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ; ჩრდილოვან საზღვაო ინფრასტრუქტურას; რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს; სუბიექტებს, რომლებიც აწარმოებენ გაზს არქტიკაში; რუს ოლიგარქებს და კომპანიებს, რომლებიც შეზღუდვების გვერდის ავლას ცდილობენ.
„ყველა რუსულ რაკეტას, ყველა რუსულ დრონს აქვს სხვა ქვეყნების, კონკრეტული ქვეყნების სპეციფიკური კომპონენტები, რომელთა გარეშეც რუსული იარაღი უბრალოდ არ იარსებებდა. ამ საკითხზე მუშაობა უნდა იყოს გაცილებით აქტიური და ეს სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.