Loading data...
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი სტამბოლში ტყვეთა ახალი გაცვლის თაობაზე შეთანხმდნენ

2 ივნისს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები ტყვეთა ახალი გაცვლის თაობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ველოდები უმეროვის სრულ ანგარიშს, მათ გაცვალეს მოსაზრებები და ჩვენ ვამზადებთ სამხედრო ტყვეების გაცვლის სიას“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ტყვეთა ახალი გაცვლის შეთანხმების შესახებ გააკეთა განცხადება.

უმეროვმა თქვა, რომ შეთანხმება შედგა. 

„დეტალების შესახებ მალე გაცნობებთ“, - განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა მძიმედ დაავადებულთა გაცვლის აუცილებლობაზე და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლაზე.

შეგახსენებთ, 16 მაისს თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა „1000-1000-ის ფორმატში ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

გაცვლის პროცესი ეტაპობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 23 მაისს დაიწყო.

პირველ ეტაპზე რუსეთის ტყვეობიდან 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა. 

გათავისუფლებულებს შორის არიან საზღვაო ძალების, საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ძალების, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის ძალების და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.