ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებისგან არ მიუღია მკაფიო პასუხი იმის შესახებ, მკაცრად უპასუხებენ თუ არა რუსეთს, უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია მკაფიო პასუხი პარტნიორებისგან იმის შესახებ, მკაცრად უპასუხებენ თუ არა რუსეთს, თუ ის უკრაინას კვლავ დაესხმება თავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტს ჰკითხეს, დარწმუნებულია თუ არა, რომ პარიზი, ბერლინი და ლონდონი, რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, დაიცავენ უკრაინას და აქვთ თუ არა „მსურველთა კოალიციის“ პარტნიორებს მოქმედების გეგმა ასეთი თავდასხმის შემთხვევაში.
საპასუხოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს რთული კითხვაა, რომელზეც მას ძალიან მარტივი პასუხი სურს: თუ ახალი აგრესია იქნება, ყველა პარტნიორი რუსეთს მკაცრ პასუხს გასცემს.
„მე ზუსტად ამ კითხვას ვუსვამ ჩვენს ყველა პარტნიორს და ჯერ არ მიმიღია მკაფიო და გასაგები პასუხი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ხედავს პარტნიორების პოლიტიკურ ნებასა და მზაობას, უზრუნველყონ უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, თუმცა მნიშვნელოვანია იურიდიული დადასტურების მიღება.
„სანამ არ გვექნება ასეთი იურიდიული უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ პარლამენტები, მხარს დაუჭერს შეერთებული შტატების კონგრესი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ მაინც „უპირატესად საკუთარ ძალებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უნდა დავეყრდნოთ“.