Loading data...
ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 500 დრონი და 40 რაკეტა გამოიყენა

„რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი კომბინირებული შეტევა განახორციელა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 500 დრონი, მათ შორის „შაჰედები“ და 40 რაკეტა გამოიყენეს. იყო „კინჟალის“ ტიპის რაკეტებიც. 

„მთავარი სამიზნე კიევია: ენერგეტიკის სექტორი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დედაქალაქისა და მიმდებარე რეგიონის ზოგიერთ რაიონში არ არის ელექტროენერგია და გათბობა. ამჟამად ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - იტყობინება ზელენსკი ტელეგრამზე. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების დროული მიწოდების გზით. ამავდროულად, დიპლომატია უნდა მუშაობდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევამცირებთ ჩვენს დიპლომატიურ აქტივობას. თუმცა, დიპლომატია უსაფრთხოების გარეშე ვერ იმუშავებს. უსაფრთხოებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და ჩვენ ამას დღეს და ხვალ განვიხილავთ, სხვა საკითხებთან ერთად“, - აცხადებს ზელენსკი.