ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი ხელმოსაწერად სრულად მზად არის
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი მზად არის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვილნიუსში ლიეტუვისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება, რომ პარტნიორები დაადგენენ კონკრეტულ თარიღს ხელმოწერისთვის.
„ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები პირველ ადგილზეა. ეს არის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების მხრიდან. დოკუმენტი 100%-ით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან დადასტურებას მისი ხელმოწერის თარიღისა და ადგილის შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, დოკუმენტი აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ევროპული ნაწილი უნდა მოიცავდეს „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს.
„უკრაინის მეორე უსაფრთხოების გარანტიაა ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და, რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება ყველა კლასტერის გასახსნელად 2026 წლის პირველ ნახევარში და სრულად მზად იქნება „ტექნიკურ დონეზე“ გაწევრიანებისთვის 2027 წელს.
„ჩვენ გვსურს ჩვენს შეთანხმებაში კონკრეტული თარიღის მითითება, რათა შემდეგ ეს შეთანხმებები დაიცვას ყველა მხარემ, მათ შორის აგრესორმა, რომელიც ხელს მოაწერს 20-პუნქტიან გეგმას, თუ ეს დრო დადგება, რათა შემდეგ ვერავინ შეძლოს ჩვენი დაბლოკვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.