Loading data...
ზელენსკიმ „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია ჩამოაყალიბა, რომელსაც ერმაკი უხელმძღვანელებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გუნდის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია შექმნა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს.

ზელენსკის განკარგულება ითვალისწინებს უკრაინის დელეგაციის შექმნას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებების პროცესში „შეერთებულ შტატებთან და უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.

ზელენსკიმ დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი დანიშნა.

მის გარდა, შემადგენლობაში შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის უფროსი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშჩენკო და საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია.

დელეგაციაში ასევე შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე ევგენ ოსტრიანსკი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.

განკარგულების თანახმად, ერმაკს შეუძლია, პრეზიდენტთან შეთანხმებით ცვლილებები შეიტანოს დელეგაციის შემადგენლობაში.

მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის მიერ მომზადებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმაზე“ შვეიცარიაში ამერიკულ მხარესთან კონსულტაციებს „უახლოეს დღეებში“ გამართავს.