უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „უახლოეს დღეებში“ აშშ-სთან კონსულტაციებს გამართავს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვის თქმით, უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის მიერ მომზადებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმაზე“ შვეიცარიაში ამერიკულ მხარესთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.
როგორც უმეროვმა აღნიშნა, უკრაინისა და აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის კონსულტაციები სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით „უახლოეს დღეებში“ დაიწყება, თუმცა თარიღები არ დაუკონკრეტებია.
„უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს დიალოგის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს და რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შემდგომი ნაბიჯების ხედვაზე შეთანხმებას ისახავს მიზნად.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარის ჩართულობას და მის მზადყოფნას არსებითი დისკუსიისთვის. უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას — როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“, - წერს უმეროვი.