ზელენსკიმ სახმელეთო ძალების სარდალი შეცვალა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახმელეთო ძალების სარდალი შეცვალა. გენერალ-ლეიტენანტის, ალექსანდრე პავლიუკის ნაცვლად, ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი მიხეილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ასევე ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილედ პოლკოვნიკი ოლეგ აპოსტოლი დანიშნა. როგორც ზელენსკიმ „ტელეგრამში“ დაწერა, საკადრო გადაწყვეტილებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრე სირსკისთან ერთობლივად არის მიღებული.
„გენერალ-მაიორმა მიხეილ დრაპატიმ ხარკოვის მიმართულებაზე დაცვა წარმატებით უზრუნველყო და რუსულ ძალებს შეტევის განვითარების შესაძლებლობა არ მისცა. პოლკოვნიკი ოლეგ აპოსტოლი - ცალკეული, 95-ე მოიერიშე-სადესანტო ბრიგადის გამოცდილი მეთაურია. ორივემ ბრძოლაში ეფექტიანობა დაადასტურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, საკადრო ცვლილებების მიზანია „სახელმწიფო მიზნების მიღწევა“, რაც არის „უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების ხარისხის ამაღლება და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა“.