ზელენსკიმ პუტინს ლიდერების დონეზე შეხვედრა კვლავ შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და მოსკოვს ლიდერების დონეზე შეხვედრის ჩატარება კიდევ ერთხელ შესთავაზა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაური Telegram არხზე წერს.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი „პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, დაასრულოს რუსეთის ომი, მკვლელობები და მიაღწიოს ღირსეულ და მდგრად მშვიდობას“.
„ჩვენ რუსეთისგან განცხადებებს ვისმენთ და თუ ეს არის სიგნალი მათი სერიოზული მზადყოფნის შესახებ, ღირსეულად დაასრულონ ომი და დაამყარონ მართლაც მდგრადი მშვიდობა და არა მხოლოდ ომისთვის მეტი დროის მოგების და სანქციების გადადების მცდელობა, მაშინ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს შეხვდეს ლიდერების დონეზე“, - დასძინა მან.
ზელენსკის თქმით, როგორც უკრაინა, ასევე მსოფლიო კარგად ხვდება, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში და ვინ უნდა დაასრულოს ომი.
„უკრაინა გამოდის შეთავაზებით, ტექნიკურ დონეზე განცხადებების გაცვლიდან და შეხვედრებიდან ლიდერებს შორის საუბრის დონეზე გადავიდეს. ამერიკამ ეს შესთავაზა. უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთის მზადყოფნაა საჭირო“, - დაასკვნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო დღეების განმავლობაში პირველად საჯაროდ გააკეთა კომენტარი უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესზე. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია „სერიოზული საუბრების წარმოება - და არა საჯაროდ, არამედ მშვიდად, მოლაპარაკების პროცესის სიჩუმეში“.
ამასთან, პუტინი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის ულტიმატუმსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის პირობები ომის დასრულების შესახებ არ შეცვლილა.
მან ასევე უპასუხა ტრამპის სიტყვებს მისი საქციელით იმედგაცრუების შესახებ: „რაც შეეხება ნებისმიერ იმედგაცრუებას, ნებისმიერის მხრიდან. ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან გამომდინარეობს. ეს კარგად ცნობილი, ზოგადი წესია“.