ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მან Telegram-ზე გამოაქვეყნა.
21 ნოემბერს ზელენსკიმ ერთობლივი საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
შეხვედრის დროს მათ განიხილეს უკრაინისა და მთელი ევროპის სამშვიდობო გეგმა.
„ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკული მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ, ღირსეულ მშვიდობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას, რათა „გათვალისწინებული იყოს პრინციპული პოზიციები“.
„ჩვენ შევათანხმეთ შემდეგი ნაბიჯები და შევთანხმდით, რომ შესაბამისი დონის გუნდები ერთად იმუშავებენ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.