Loading data...
ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთის დასახმარებლად ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა დაუშვა, თუმცა ერთი პირობით

უკრაინა მზადაა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს ქვეყნები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაში წვლილს შეიტანენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ახლო აღმოსავლეთის ლიდერები შეძლებენ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას და მათ კარგი ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, მაშინ ამ ბიჭებს, რომლებიც დღეს ჩვენს ცას იცავენ, შეუძლიათ წავიდნენ და დაიცვან, ან ასწავლონ ამ საზოგადოებებს, თუ როგორ დაიცვან მსოფლიო ირანის თავდასხმებისგან. მაგრამ თუ ჩვენკენ რაკეტები დაფრინავენ, მაშინ მთელი პატივისცემით, ჩვენ აქ ვიქნებით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, - განმარტა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამჟამად ის მოლაპარაკებებს აწარმოებს რეგიონის იმ სახელმწიფოების ლიდერებთან, რომლებიც კონტაქტს ეძებენ, ან თანამშრომლობით არიან დაინტერესებულნი. მან განაცხადა, რომ ცის დაცვა მათთვის მთავარ საკითხად იქცა, რადგან მათ აქამდე არასდროს განუცდიათ ასეთი მასშტაბური თავდასხმები.

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას უკვე აქვს ურთიერთდახმარების მოდელები დასავლელ მოკავშირეებს შორის. მაგალითად, უკრაინას პარტნიორებთან აქვს ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებები, რომლებიც, საფრთხის შემთხვევაში, მხარდაჭერას უზრუნველყოფს. კერძოდ, დიდი ბრიტანეთი უკრაინას რაკეტებით ამარაგებს და ამით საჰაერო თავდაცვის სისტემებით ეხმარება, სამაგიეროდ კიევი მზადაა, საფრთხის შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს თავის მოკავშირეებს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომები შესაძლებელია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებშიც. მან მაგალითად მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ამ ქვეყნებს უკვე აქვთ.

„ჩვენ PAC-3 რაკეტების დეფიციტი გვაქვს. მაგალითად, თუ ომის დროს იარაღზე ვსაუბრობთ, რომელიც გვაკლია, მაშინ თუ ისინი PAC-3 რაკეტებს მოგვცემენ, ჩვენც მათ ჩამჭრელებს მივცემთ. ეს თანაბარი გაცვლაა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. თუ გუნდები ახლა ერთად იმუშავებენ, ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს“, - დასძინა ზელენსკიმ.