ზელენსკი: უკრაინის თავდაცვის ძალები პოკროვსკის რაიონში ალყაში არ არიან მოქცეულნი, რუსები იქ არ დომინირებენ
 
        დღეის მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალები პოკროვსკის რაიონში ალყაში არ არიან მოქცეულნი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა უკრაინა პოკროვსკიდან ჯარების გაყვანას, ალყაში მოქცევის საფრთხის შემთხვევაში.
„ჩვენი ძალები აკონტროლებენ სიტუაციას პოკროვსკის მახლობლად. დაძაბული სიტუაციაა, ყველა მხრიდან მტერია. გახსოვთ კურსკის ოპერაცია? გახსოვთ ინფორმაცია ამის შესახებ - დიდი დაბნეულობა იყო, რომ 5000, ან 8000 ადამიანი გვყავდა ალყაში მოქცეული. ეს ტყუილი იყო. 5000-8000 არ ყოფილა, არავინ იყო ალყაში მოქცეული. ადგილზე მყოფ ყველა მეთაურს ესმის: როგორ შეუძლიათ, ალყაში მოქცევა დაუშვან? არავითარ შემთხვევაში. ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია; ყველას ესმის ეს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ისინი დღეს იქ არ დომინირებენ. ბევრნი არიან, მაგრამ იმის თქმა, რომ ისინი იმარჯვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ პოკროვსკში ვითარება რთულია, რადგან რუსეთის ფედერაციამ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 170 000 სამხედრო მოსამსახურე განალაგა.
„დღეს დილით ვესაუბრე მთავარსარდალს; პოკროვსკში ცვლილებები არ არის. პოკროვსკში რუსები არიან, ჩვენიანები ანადგურებენ მათ, ნელ-ნელა ანადგურებენ, იმიტომ, რომ ჩვენი პერსონალი უნდა დავიცვათ... რასაც რუსეთი ამბობს - მე რამდენიმე ოფისში ვიყავი, გეომეტრიულად განსხვავებულში და სხვადასხვა რუკა ვნახე. ვნახე უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების რუკა, რომელიც უცნაურად გამოიყურება. სხვა რუკებიც ვნახე. რატომღაც განსხვავებული რუკები გვაქვს რეალური საბრძოლო მოქმედებების შესახებ უკრაინაში, რუსეთში, ევროპაში, აშშ-ში. და გარკვეულ მომენტში ჩვენ ყველანი ვეთანხმებით ამას და გვესმის, სად არის პრობლემები და სად არის მანიპულირება“, - დასძინა ზელენსკიმ.
„პუტინი ამბობს, რომ პოკროვსკში წავა. და ბედნიერი იქნება, თუ პოკროვსკში ჩამოვა. ყველა ტაშს დაუკრავს. ჩვენ გვესმის, რით დასრულდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
 
            