Loading data...
ზელენსკი უკრაინაში არჩევნებზე: თუ შესაძლებელია არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ხალხი უბრალოდ არ დაიღუპოს საარჩევნო უბნებზე მისვლისას, მაშინ მე ამის მომხრე ვარ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დიდხანს დარჩენას არ აპირებს.

უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას მან გაიხსენა, რომ რუსეთი მუდმივად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს მის ქვეყანაში.

„აშშ-დან მომდინარე სიგნალებზე ჩემი რეაქცია ძალიან ღია იყო: მე ვთქვი, რომ არანაირი გარემოებით არ ვაპირებ პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, თუ უზრუნველყოფილი იქნება სათანადო, ღირსეული და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის თქმით, ომის დროს არჩევნების ორგანიზებისთვის უკრაინის კანონმდებლობაში საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო.

„მეორე მხრივ, თუ უკრაინის მოქალაქეებს ჰკითხავთ, სურთ თუ არა ეს არჩევნები და მზად არიან თუ არა მისთვის, მაშინ (...) უეჭველად, ყველას ეშინია ომის დროს არჩევნების ჩატარების; უეჭველად, ვერავინ წარმოიდგენს, როგორ შეიძლება ის უსაფრთხოდ და სამართლიანად ჩატარდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

„თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ შესაძლებელია ასეთი არჩევნების დროს ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ხალხი უბრალოდ არ დაიღუპოს საარჩევნო უბნებზე მისვლისას, მაშინ მე ამის მომხრე ვარ“, - დასძინა მან.