Loading data...
ზელენსკი: უკრაინამ სუმის ოლქის ოკუპაციის შესახებ რუსეთის გეგმები ჩაშალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოკროვსკისა და სუმის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურის Telegram არხზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის მოხსენების დროს განსაკუთრებული ყურადღება პოკროვსკის მიმართულებას დაეთმო.

„მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 51 ძალადობრივი შეტაკება მოხდა. უკრაინული დანაყოფები თავიანთ პოზიციებს იცავენ და ოკუპანტების ყოველი განადგურება ძალიან ფასეულია. სუმის ოლქში ჩვენი აქტიური მოქმედებები გრძელდება და მადლობელი ვარ თითოეული დანაყოფის, რომლებიც თანდათანობით დევნიან რუსულ ძალებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სუმის ოლქთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა ჩაშლილია, თუმცა ეს რეგიონი მტრისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

„ჩვენი ძალები განუწყვეტლივ ბლოკავენ რუსეთის მცდელობებს, სასაზღვრო ზონიდან სუმის ოლქში ღრმად შევიდნენ. კვირის განმავლობაში ასევე იყო შედეგები უკრაინისთვის გაცვლითი ფონდის შევსების კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ მოქმედებას რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დეტალურად განიხილეს დანაყოფების საჭიროებები, კერძოდ, კონკრეტული იარაღი, რომლის მიწოდებაც უნდა გაიზარდოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ თემაზე ევროპელ პარტნიორებთან მომავალ კვირას ისაუბრებს.

გარდა ამისა, ზელენსკის ცნობით, იყო საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების ანალიზი, ძირითადი შედეგები და პრიორიტეტები.

„სანქციებმა მნიშვნელოვნად შეანელა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი და ჩვენ ავირჩიეთ მიმართულებები, რომლებსაც შეუძლია, დამატებითი მტკივნეული გავლენა მოახდინოს აგრესორზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, მისი თქმით, დღეს იყო მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოხსენება: „დეტალების გარეშე, მაგრამ აგრესორი ყველაფერს ზუსტად ისე იგრძნობს, როგორც საჭიროა“.