ზელენსკი: უკრაინამ, „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში, შესაძლოა, 1.8 მილიონი ჭურვი მიიღოს

„ჩეხური ჭურვების ინიციატივის“ ფარგლებში, უკრაინამ წელს შესაძლოა, 1.8 მილიონი ერთეული საარტილერიო საბრძოლო მასალა მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასულ წელს ჩეხეთმა უკრაინას, საარტილერიო ჭურვების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.
„ჩვენ ველით, რომ წელსაც ასეთივე პროდუქტიული იქნება თანამშრომლობა. ჩვენ განვიხილეთ, რომ წელს შესაძლოა, 1.8 მილიონი ჭურვი იყოს. ეს ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხვალ, 5 მაისს, ჩეხურ თავდაცვის კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
„ჩვენ უფრო კონკრეტულ საკითხებს ვამზადებთ“, - განაცხადა მან.
ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა „ჩეხური ინიციატივის“ მიღმა არსებული ჭურვების მიღებასაც იმედოვნებს.
„არსებობს არა მხოლოდ „ჩეხური ინიციატივა“. ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ, მაგრამ რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ 3 მილიონი საარტილერიო ჭურვის იმედი გვაქვს. და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა დაეხმარება მათ, ჩვენ გვყავს მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და ჩეხეთი F-16-ის ერთობლივი საპილოტე სკოლის შექმნაზე მსჯელობენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ასეთი ბაზა ნამდვილად არ გაიხსნება.
„დღეს მე და პრეზიდენტი პაველი, ასევე, ჩვენი წარმომადგენლები თანამდებობის პირებისა და სამხედრო პერსონალის დონეზე განვიხილავთ ჩვენი საავიაციო კოალიციის განვითარების შემდეგ ნაბიჯებს, კერძოდ, უკრაინულ-ჩეხური F-16-ის საპილოტე სკოლის შექმნას. ცხადია, ჩვენ ახლა უკრაინაში ასეთი ბაზის გახსნა არ შეგვიძლია. რუსული დარტყმები გრძელდება. ამიტომ, ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ უკრაინის ფარგლებს გარეთ ასეთი სკოლების გასახსნელად“, - დასძინა ზელენსკიმ.