Loading data...
ზელენსკი: უკრაინა მზადაა, ჩრდილოკორეელი ტყვეები კიმ ჩენ ინს გადასცეს

პირველი ტყვედჩავარდნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გარდა, კიდევ იქნებიან სხვებიც. მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეძლებენ უკრაინელი სამხედროები მათ დაჭერას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია

„მსოფლიოში არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსული არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკის თქმით, პუტინმა სამი წლის წინ ნატოს ულტიმატუმებით და ისტორიის გადაწერის მცდელობით დაიწყო, ახლა კი მას ფხენიანის სამხედრო დახმარების გარეშე არ შეუძლია.

„უკრაინა მზადაა, გადასცეს თავისი ხალხი კიმ ჩენ ინს, თუ ის შეძლებს მათი გაცვლის ორგანიზებას რუსეთის ტყვეობაში მყოფი ჩვენი ჯარისკაცების სანაცვლოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც არ სურთ დაბრუნება, შეიძლება არსებობდეს სხვა ვარიანტები. კერძოდ, ზელენსკის თქმით, ის კორეელები, რომლებიც ამ ომის შესახებ თავიანთ ენაზე სიმართლის გავრცელებით მშვიდობის დამყარების სურვილს გამოთქვამენ, ასეთ შესაძლებლობას მიიღებენ.

ცნობისთვის, 11 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. მან აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში ორი ჯარისკაცი დაიჭრა. ისინი კიევში გადაიყვანეს, სადაც მათთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები იმყოფებიან.

„რუსები და ჩრდილოეთ კორეის სხვა სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში სხვა ქვეყნის - ჩრდილოეთ კორეის - მონაწილეობის მტკიცებულება არ იყოს“, - დაწერა ზელენსკიმ.

ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების დატყვევება სამხრეთ კორეის დაზვერვამაც დაადასტურა და მათი დაკითხვის ახალი დეტალებიც გაასაჯაროვა.