სამხრეთ კორეის დაზვერვამ უკრაინის მიერ დატყვევებული ორი ჩრდილოკორეელი სამხედროს დაკითხვის ახალი დეტალები გაასაჯაროვა
სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინამ ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. სეულის დაზვერვამ დაკითხვის ახალი დეტალებიც გაასაჯაროვა, წერს სააგენტო Yonhap.
სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, დაკითხვისას ერთ-ერთმა პატიმარმა რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების „მნიშვნელოვანი“ დანაკარგები დაადასტურა.
ერთი მათგანი 2025 წლის 9 იანვარს სპეციალური ოპერაციების ძალების 84-ე ტაქტიკური ჯგუფის მებრძოლებმა, ხოლო მეორე უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეებმა შეიპყრეს. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, ეს პირველი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ.
ერთ-ერთ ჯარისკაცს ჰქონდა რუსული სამხედრო პირადობის მოწმობა რუსეთში რეგისტრირებული სხვა პირის სახელზე. სამხედრო მოსამსახურის თქმით, მან ეს დოკუმენტი გასული წლის შემოდგომაზე მიიღო, როდესაც, მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთმა შენაერთმა რუსეთის ჯარებთან ერთკვირიან წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.
ამავდროულად, დატყვევებულმა ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრომ დაკითხვისას განაცხადა, რომ ეგონა, ვარჯიშზე მიდიოდა და არა უკრაინის წინააღმდეგ საომრად.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინფორმაციის გაცვლას ჩრდილოეთ კორეელი პატიმრების შესახებ უკრაინის სადაზვერვო სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - განაცხადა სამხრეთ კორეის დაზვერვამ.
მათივე თქმით, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა მძიმე არ არის.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდასაჭერად დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი გაგზავნა.
ცნობისთვის, 11 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. მისივე თქმით, კურსკის ოლქში ორი ჯარისკაცი დაიჭრა. ისინი გადაიყვანეს კიევში, სადაც მათთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები იმყოფებიან.