ზელენსკი: თუ პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდება, ხანგრძლივი ომი დაიწყება
თუ რუსეთი უახლოეს მომავალში სამმხრივ მოლაპარაკებებზე არ დათანხმდება, უკრაინაში ომი შესაძლოა გაჭიანურდეს. მოვლენების განვითარება დიდწილად შეერთებული შტატების პოზიციასა და ევროპის ჩართულობაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა Sky News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას მან ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის იდეა გააჟღერა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარის დადებითი გადაწყვეტილება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ომის დასრულების მცდელობას შექმნის.
„თუ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი სამმხრივი შეხვედრისთვის მზად იქნება, ამ ექვსი თვის განმავლობაში, ამ რამდენიმე თვეში, ჩვენ გვექნება შანსი, შევხვდეთ და ვეცადოთ ომის დასრულება“, - აღნიშნა მან.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა რომ რუსეთის ლიდერის მიერ მოლაპარაკებებზე უარი „ხანგრძლივ ომამდე მიგვიყვანს“.