Loading data...
ზელენსკი: თუ ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს განბლოკვას ვერ შეძლებს, ალტერნატივის იმედი გვაქვს

უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი შეძლებს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის განბლოკვას, ან ალტერნატივის შეთავაზებას, რაც კიევს თანხების მიღების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინისთვის სესხის გაცემა არის პოზიცია, რომელზეც 2025 წლის ბოლოს ევროკავშირის ყველა ლიდერი შეთანხმდა.

„მადლობელი ვიქნებით, თუ ისინი ამ ფორმატის განბლოკვას შეძლებენ. თუ ამას ვერ გააკეთებენ, ვიმედოვნებთ, რომ ალტერნატივა იქნება, რომელიც ამ თანხების მიღების საშუალებას მოგვცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის არმიას არასაკმარისი დაფინანსება ექნება. დრონების - შორ მანძილზე მოქმედი დრონების, მოიერიშე დრონების და საჰაერო თავდაცვის სისტემების - წარმოება არასაკმარისად დაფინანსდება, რადგან ჩვენ იქიდან თანხებს გამოვყოფთ როგორც ევროპულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ასევე ამერიკულ PAC-3 ტიპის რაკეტებზე“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის, განსაკუთრებით კი ევროპული უსაფრთხოებისთვის, რისკია.

„ვფიქრობ, კოლაფსი არ იქნება და ევროპელები ამ საკითხს მოაგვარებენ“, - დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 19 მარტს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ განბლოკავს უკრაინისთვის ხელსაყრელ არცერთ გადაწყვეტილებას იქამდე, ვიდრე კიევი „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს.