ზელენსკი: თუ ამერიკელი ხალხი ტრამპს ხმას მისცემს, ვიმედოვნებ, მისი პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით არ შეიცვლება
თუ ამერიკელი ხალხი ხმას მისცემს დონალდ ტრამპს, ვიმედოვნებ, მისი პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მე მას [ტრამპს] კარგად არ ვიცნობ. მქონდა მასთან შეხვედრები, მისი პრეზიდენტობის დროს. ჩვენ კარგი შეხვედრები გვქონდა. მაგრამ ჩვენ არ გაგვივლია ომი მასთან ერთად. მხოლოდ ომის დროს შეიძლება, გაიგო, შეგიძლია თუ არა ვინმეს ენდო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ ნატოდან არასდროს გავა.
„ვიმედოვნებ, აშშ არასდროს გავა ნატოდან. სხვა შემთხვევაში მსოფლიო დაკარგავს ბევრ ქვეყანას, პუტინის მსგავსი ადამიანების გამო. ჩვენ დავკარგავთ პატარა ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან ნატოში აშშ-ის ყოფნაზე, ამერიკულ ხელმძღვანელობაზე. ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, უბრალოდ, გიზიარებთ ჩემს აზრს“, - განაცხადა ზელენსკიმ.