Loading data...
ზელენსკი ტრამპს პუტინის დათანხმებისთვის მადლობას უხდის - „დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ მიმართულ პროგრესს“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მადლობას უხდის.

„დონალდ ტრამპის განცხადება კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ექსტრემალური ზამთრის პერიოდში. ელექტროენერგიის მომარაგება სიცოცხლის საფუძველია. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ! ჩვენმა გუნდებმა ეს საკითხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განიხილეს. ჩვენ ველით, რომ შეთანხმებები ამოქმედდება. დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ პროგრესს”,- აცხადებს ზელენსკი.

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მან რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სთხოვა, ძლიერი ყინვების პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა უკრაინის დედაქალაქი კიევი.

„უკრაინაში ახლა ძალიან ცივა. პირადად მე ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი. ის ამას დათანხმდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგი იყო. მან ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს გააკეთეს. უკრაინისთვის ეს დაუჯერებელი იყო, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.